ექსკურსიის დაგეგმვა

კარგია თუ ექსკურსიის დაგეგმვაში მასწავლებელთან ერთად მოსწავლეებიც იქნებიან ჩართულნი, რაც შეუწყობს მათში დაგეგმვის უნარებისა და ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის ფარგლებში ნასწავლი ცოდნის პრაქტიკული გამოყენების ჩვევების განვითარებას.



მიმართულების და საწვავის ხარჯების დადგენა
ექსკურსიაზე წასვლამდე მასწავლებელი ასახელებს ექსკურსიის მიმართულებას და იმ ადგილებს, რომელთა მონახულებაცაა დაგეგმილი. მოსწავლეების ნაწილს ეძლევათ დავალებად, რომ სახლში, შესაძლებელია უფროსების დახმარებით მოძებნონ ექსკურსიაში დაგეგმილი ადგილები. რუკის გამოყენებით, მათ უნდა გაზომონ სავარაუდო მანძილი სკოლიდან ექსკურსიის საბოლოო პუნქტამდე. მოსწავლეების მეორე ნაწილს ევალება გამოიკვლიონ ავტობუსის საწვავის ტიპი, საშუალო ხარჯი 100 კილომეტრზე, ავტობუსის საშუალო სიჩქარე და საწვავის ფასი.
გაკვეთილზე დაბრუნებისას მოსწავლეებმა უნდა წერილობით წარმოადგინონ მათ მიერ დადგენილი მანძილები და ახსნან ის მეთოდოლოგია, რომელიც მათ გამოიყენეს ამ მანძილის გამოსაანგარიშებლად და საწვავის ტიპის, ხარჯისა და ფასის დასადგენად.

ექსკურსიის შესაძლო ხარჯების დათვლა
მოსწავლეებს მასწავლებელი სთხოვს დაადგინონ ექსკურსიის შესაძლო ბიუჯეტი. მათ გაკვეთილზე ე.წ. გონებრივი იერიშის მეთოდით უნდა ჩამოწერონ ის შესაძლო ხარჯები, რაც ექსკურსიას შეიძლება ახლდეს თან. ბიუჯეტის შედგენისას მოსწავლეებმა სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით უნდა დააჯგუფონ ხარჯები (მაგ. საწვავი, გართობა, მომსახურება, საკვები და სხვა).
ხარჯების დათვლისას მასწავლებელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს საწვავის ხარჯებზე. ამ შემთხვევაში მასწავლებელი იყენებს იმ მანძილს, რომლის დადგენაში თვითონ მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. მოსწავლეებს ევალებათ გამოიანგარიშონ სავარაუდო საწვავის დანახარჯი ექსკურსიის მიმდინარეობისას და სავარაუდო ხარჯები. მოსწავლეებმა ასევე უნდა გათვალონ თუ რა უნდა წაიღონ თან (ტანსაცმელი, საკვები, შესაძლო მასალები აქტივობების ჩასატარებლად და სხვა.).

დროის დაგეგმვა
მოსწავლეებმა უნდა ჩამოაყალიბონ ექსკურსიის განრიგი. მანძილის და ავტობუსის საშუალო სიჩქარის გამოყენებით ისინი გამოთვლიან დროს, რომელსაც ისინი გზაში გაატარებენ. თუ გასვლის დროსა და დაბრუნების სასურველ დროებს განუსაზღვრავს, მასწავლებელს აქვს საშუალება მოსწავლეები ავარჯიშოს დროითი გეგმის შედგენაზე. უკან დასაბრუნებლად საჭირო დროის გათვლისას მოსწავლეებმა უნდა გაითვალისწინონ მოგზაურობის დროები სხვადასხვა პუნქტებს შორის. იხ. ნიმუში:


Bookmark and Share