საექსკურსიო სასწავლო გეგმა



საექსკურსიო სასწავლო გეგმა შექმნილია პედაგოგთა დასახმარებლად, რათა მათ უკეთ შეძლონ ექსკურსიის საგანმანათლებლო დატვირთვის გააზრება, მისი სწორად დაგეგმვა და ჩატარება.
საექსკურსიო გეგმა სპეციალურადაა მორგებული ალ. ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში ვიზიტს, თუმცა მისი გამოყენება სხვა ღირშესანიშნაობების მონახულებისას. მოცემული მარშრუტები მოიცავს კახეთის რეგიონის ძირითად ძეგლებს და შედგენილია ისე, რომ ნებისმიერი მარშრუტის შერჩევისას ერთ-ერთ პუნქტად ყველა შემთხვევაში არის წინანდალი.
საექსკურსიო სასწავლო გეგმის შინაარსობრივი და ვიზუალური ნაწილი აუცილებლად უნდა განთავსდეს წინანდლის სახლ-მუზეუმის ვებ-გვერდზე. ასევე მისი გამოცემა შესაძლებელია ბროშურის სახითაც. საექსკურსიო მარშრუტები და რუკა შესაძლებელია დაიბეჭდოს პოსტერზე და დარიგდეს სასწავლო დაწესებულებებში საექსკურსიო სეზონის დაწყების წინ.

ექსკურსიების მნიშვნელობა

სასკოლო ექსკურსიებს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს სკოლის კლასგარეშე განათლებისას. სასკოლო ექსკურსიებზე მოსწავლეებს არა მარტო ნასწავლის შესახებ ბუნებრივ გარემოში განცდის შესაძლებლობა აქვთ, არამედ აქ მათ მნიშვნელოვანი სოციალური და თვითმართვის ჩვევებიც უვითარდებათ. მოსწავლეები სასკოლო ექსკურსიებზე არა მარტო სწავლობენ ერთად, არამედ ერთად ისვენებენ კიდეც. მნიშვნელოვანია, რომ ექსკურსიები წინასწარ იყოს დაგეგმილი. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება ამ ექსკურსიებს მაქსიმალური ეფექტი, ამ დროს იქნება ექსკურსია მაქსიმალურად საინტერესო და საგანმანათლებლო ღირებულების მატარებელი.

საექსკურსიო სასწავლო გეგმის სტრუქტურა

საექსკურსიო სასწავლო გეგმა შედგენილია საქართველოს მრავალი სკოლის ექსკურსიის გამოცდილების გათვალისწინებით და თავის მიზნების განსაზღვრაში ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას. სასწავლო გეგმა მოიცავს სამ ძირითად ნაწილს ა) ექსკურსიის დაგეგმვა, ბ) საექსკურსიო მარშრუტებსა და გ) საექსკურსიო აქტივობებს. საექსკურსიო აქტივობები სპეციალურად იმდენად ზოგადია, რომ მათი გამოყენება რამდენიმე მიმართულებით შეიძლება. ასევე აბსოლუტურად დასაშვებია, ამ აქტივობების ნებისმიერი სახით კომბინირება და თითოეულ ექსკურსიაზე რამდენიმეს გამოყენება. თუმცა აქ უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ჯობია ერთი აქტივობა გავაკეთოთ ისე, რომ მოსწავლეებს საკმარისი დრო ჰქონდეთ დაფიქრებისა და სამუშაოს შესრულებისათვის. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ მოსწავლეებს ექსკურსიაზე უნდა დავუტოვოთ დრო, ერთმანეთთან ურთიერთობისთვის, გარემოს დამოუკიდებლად შეცნობისთვის და სხვა.
საექსკურსიო სასწავლო გეგმის გამოსაყენებლად სასურველია ექსკურსიის დაგეგმვა მოხდეს მასწავლებლებისა და მოსწავლეების აქტიური თანამშრომლობით. ამ შემთხვევაში. ყველა აქტივობას, რომელიც აქ არის აღწერილი სჭირდება წინასწარ, ექსკურსიამდე მომზადება. მასწავლებელმა უნდა აუხსნას მოსწავლეებს თუ სად იქნება ექსკურსია და რა აქტივობების შესრულებაა დაგეგმილი. ასევე მასწავლებელს დასჭირდება მოსწავლეების გაფრთხილება იმ მასალების შესახებ, რომლებიც მათ შესაძლოა ექსკურსიაზე, ექსკურსიის წინ ან შემდეგ დასჭირდეთ.
საექსკურსიო აქტივობები ხშირად რამოდენიმე საგნის სასწავლო გეგმის ინტეგრირებას ახდენს (მაგ. ქართულის და ისტორია-გეოგრაფიის ან ბუნებისმეტყველების). ამის გამო, შესაძლოა მაქსიმალური ეფექტი ამ აქტივობების დაგეგმვისას სხვადასხვა საგნის მასწავლებლის შეთანხმებულმა მუშაობამ გამოიღოს.

წინამდებარე საექსკურსიო სასწავლო გეგმის შემუშავებაში გაწეული დახმარებისათვის მადლობას ვუხდით სიმონ ჯანაშიას!

Bookmark and Share