დღიური წარსულიდან

<<უკან დაბრუნება

მიზანი

შემოქმედებითი უნარის განვითარება, დღიურების წერის უნარების განვითარება, დაკვირვების უნარის განვითარება, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, საზოგადოებრივი მეცნიერებების ფარგლებში მიღებული უნარების პრაქტიკული რეალიზაციის უნარის განვითარება, ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარება.

ექსკურსიამდე

ექსკურსიამდე რამოდენიმე დღით ადრე მასწავლებელი აკითხებს მოსწავლეებს ნაწყვეტებს ცნობილი დღიურებიდან (მაგ. ან ფრანკის დღიური, დიუმას მოგზაურობა კავკასიაში და სხვ.) შესაძლებელია ეს ნაწილი მოსწავლეებს უკვე გავლილი ჰქონდეთ. ამ შემთხვევაში მასწავლებელი უბრალოდ ახსენებს გავლილ მასალას. ექსკურსიისთვის მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს წამოიღონ მცირე ზომის ბლოკნოტები, ფანქარი და საშლელი. ასევე მასწავლებელი უთანხმებს მოსწავლეებს, რომ მათ ექსკურსიაზე ექნებათ დავალება, რომელიც ექსკურსიის შემდეგ ექნებათ ჩასაბარებელი.

ამის გარდა მასწავლებელი უსახელებს მოსწავლეებს ექსკურსიის მიმართულებას და თხოვს მოსწავლეებს ენციკლოპედიისა თუ უფროსების დახმარებით წინასწარ შეისწავლონ ის კონკრეტული ადგილი, რომლის დასათვალიერებლადაც ისინი მიდიან.

ექსკურსიაზე

მასწავლებელი კრებს მოსწავლეებს და უხსნის წესებს: მოსწავლეებმა უნდა წარმოიდგინონ, რომ ისინი არიან უცხოელი მოგზაურები, რომლებიც დასათვალიერებელი ძეგლის აგებიდან მცირე ხანში მოგზაურობენ საქართველოში. მოსწავლეებმა უნდა წარმოიდგინონ იმდროინდელი ცხოვრება იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მათ წინასწარ უნდა შეეგროვებინათ, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომლის მიღებასაც ისინი ადგილზე შეძლებენ და საკუთარი დაკვირვების შედეგად.

დღიურის ნაწილი შეიძლება იყოს ძეგლის აღდგენილი სახით ჩახატვაც. არ არის აუცილებელი, რომ ჩანახატი მაღალმხატვრული იყოს. ძველი მოგზაურებიც ყველა კარგად როდი ხატავდა. ასევე დღიურის აღწერისას შესაძლებელია საკუთარი, შესაძლებელი გამოცდილებების შესახებ წერა (მაგ. ვინ შეხვდა, რომელ კონკრეტულ ადგილას). ასევე შესაძლებელია თვითონ ძეგლი აღიწეროს უცხოელი მოგზაურის თვალით - ანუ რა იქნებოდა მისთვის დასამახსოვრებელი, უცნაური და სხვა. დღიურებში მოხსენიებული უნდა იყოს მოგზაურის წარმომავლობა და სახელი.

მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს საკმარის დროს, იმისთვის, რომ ყველამ ინდივიდუალურად შეასრულოს ეს სამუშაო. დრო ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული, მაგრამ არა მკაცრად. მასწავლებელმა უნდა აუხსნას მოსწავლეებს, რომ მათ დღიურის ერთი ნაწილი დასრულებული სახით უნდა იქონიონ ექსკურსიის დამთავრების დროს. მასწავლებელმა უნდა მიაქციოს ყურადღება იმას, რომ მოსწავლეებმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. ექსკურსიის ბოლოს, სავარაუდოდ ავტობუსში, როდესაც მოსწავლეები უკან ბრუნდებიან მასწავლებელი თხოვს მათ, რომ გაუცვალონ მათ გვერდზე მსხდომებს საკუთარი დღიურები. მასწავლებელი ასევე აფრთხილებს მოსწავლეებს, რომ მათ უნდა მოამზადონ თავიანთი კლასელების დღიურის მიხედვით მოკლე პრეზენტაცია.

ექსკურსიის შემდეგ

სკოლაში დაბრუნების შემდეგ, მოსწავლეები მცირე ჯგუფებში მსჯელობენ დღიურების შესახებ და ბოლოს აკეთებენ მოკლე პრეზენტაციებს. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ის მოსწავლეები, რომლებმაც ნამუშევრები გაცვალეს. პრეზენტაციებისას ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ იმ მასალას, რომელიც ხატოვნად გამოხატავს ”მოგზაურების” მიერ დანახულ წარსულს. მოსწავლეები მსჯელობენ ნამუშევრების ”თანადროულობის” ხარისხზე, აძლევენ ერთმანეთს რეკომენდაციებს დღიურების გამდიდრების კუთხით. პრეზენტაციისას ჯგუფი წარმოადგენს იმ საკითხებს, რომელთა განხილვაც ხდებოდა ჯგუფში.


<<უკან დაბრუნება

Bookmark and Share