ჩვენი გავლენა გარემოზე

<<უკან დაბრუნება

მიზანი

მოსწავლეებში გარემოს დაცვის, მოვლის, შენარჩუნების დამოკიდებულების განვითარება; დაკვირვების უნარის განვითარება; საბუნებისმეტყველო საგნებში ნასწავლი პრობლემების პრაქტიკული განხორციელების უნარის გამომუშავება; ანგარიშების შედგენაში ვარჯიში, სამოქალაქო განათლების საგანში ნასწავლი უნარების პრაქტიკულ განხორციელებაში ვარჯიში.

ექსკურსიამდე

მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს ექსკურსიის მიმართულებას. ადგილის დახასიათების შემდეგ მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს წარმოიდგინონ ადამიანის მიერ ამ კონკრეტულ ადგილას ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების შესაძლო მაგალითები. მოსწავლეებმა უნდა ჩამოთვალონ ეკოსისტემის შესაძლო წევრები, რომლებზეც შესაძლებელია იმოქმედოს ადამიანმა ექსკურსიის ადგილას. მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს ანგარიშის შედგენის ფორმას. მოსწავლეები სწავლობენ, რომ ანგარიშის შედგენისას მნიშვნელოვანია შემდეგი ნაწილების შედგენა:

ა) დაკვირვება - ნაწილი სადაც ხდება იმის აღწერა თუ რა ვნახეთ

ბ) ანალიზი - მსჯელობა იმის შესახებ თუ რა ვნახეთ, რა ვიცოდით წინასწარ იმის შესახებ რასაც ვაკვირდებოდით, შეგვიძლია თუ არა გარკვეული კავშირების დანახვა დაკვირვების ობიექტებს შორის და ა.შ.

გ) შესაძლო დანართები - ჩანახატები, ფოტოები, ცხრილები, ჩამონათვალი, რუკები და სხვ.

ექსკურსიისას

მოსწავლეები წყვილებში აკვირდებიან გარემოს და ცდილობენ შეისწავლონ ადამიანის გავლენა ბუნებრივ გარემოზე. მოსწავლეებს თან უნდა ჰქონდეთ წაღებული რვეულები ან ბლოკნოტები, სადაც საკუთარ დაკვირვებებს აღწერენ. დაკვირვების ფაზის შემდეგ, მასწავლებელი კრებს მოსწავლეებს და წრეში მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, რისი გამოვლენაც მოსწავლეებმა შეძლეს. მოსწავლეები ამატებენ ჩანაწერებს შესაძლო ახალ ინფორმაციას.

ექსკურსიის შემდეგ

ექსკურსიის შემდეგ მოსწავლეები წერენ ანგარიშს. ანგარიშის პირველი ნაწილი ეფუძნება ექსკურსიისას შედგენილ დაკვირვების ჩანაწერებს. ანგარიშის მეორე ნაწილში მოსწავლეები ადარებენ ექსკურსიამდე გაკეთებულ დასკვნებს, ექსკურსიაზე ნანახს და ცდილობენ დაინახონ კავშირი მათ შორის. ანალიზის ბოლოს მოსწავლეები წერენ რეკომენდაციებს, გარემოს შენარჩუნებისთვის საჭირო ქმედებებისთვის ექსკურსიის ადგილას. სასურველია ერთი გაკვეთილი რეკომენდაციების პრეზენტაციას დაეთმოს. თუ რეკომენდაციები მნიშვნელოვნად ჩაითვლება, შესაძლებელია რეკომენდაციების წერილობით მიწოდება იმ ძეგლის მოვლასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებისთვის (ადგილობრივი ხელისუფლება, მუზეუმის, ნაკრძალის, ძეგლის მომვლელთან და სხვა.).

<<უკან დაბრუნება

Bookmark and Share